X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციები კონკრეტული შედეგებით სრულდება და ამ მიმართულებით წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია

22 აგვისტო 2020

როგორც შევპირდით მოსახლეობას, ზაფხულის ბოლოს შევძელით ამ გზის ძირითადი ნაწილის გახსნა, ეს არის 13კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთს აკავშირებს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთთან, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ახალი გზის 13 კმ-დან 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 4 ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2 ზოლიანი გზით. სრულად ოთხზოლიანი გზის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ინტენსიური მოძრაობაა შავი ზღვის კურორტების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის გახსნა. საინჟინრო თვალსაზრისით საინტერესო მონაკვეთია. აქ არის ორი ძალიან დიდი ხიდი, ერთ-ერთი კი გამორჩეულია ყველაზე მაღალი ბურჯებით საქართველოში. საინჟინრო სირთულეებსა და თავისებურებებზე მეტად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. მთლიანობაში წელს უკვე გავხსენით დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშრებელი 46 კმ ახალი საერთაშორისო მნიშნელობის მაგისტრალი, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი გაიზრდება 70 კმ-მდე. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციები კონკრეტული შედეგებით სრულდება და ამ მიმართულებით წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია. 2021 წელსაც გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა და ასევე, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი, ანუ ქუთაისის შემოვლითი გზით სრულად შევძლებთ, რომ ვისარგებლოთ წლის ბოლომდე და გაისად უკვე დავამატებთ კიდევ 15კმ-იან მონაკვეთს, რომელიც დაუერთდება ჯაპანა-ლანჩხუთის გზას. დამატებით, 34 კმ-იანი ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება 2022 წელს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შიდა ტურიზმისა და რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ სიგრძის გზის მშენებლობას, რომლის დასრულებაც მომავალ წელს იგეგმება.